bulხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება

განმარტება და მოკლე მიმოხილვა;

სამედიცინო მომსახურების ადეკვატური ხარისხი (ანუ „ხარისხიანი“ სამედიცინო მომსახურება) გულისხმობს სამედიცინო მომსახურების შესაბამისობას ქვეყანაში მიღებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტებთან.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაში, სამედიცინო პერსონალთან ერთად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც; სახელდობრ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემოს (როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული) შექმნა, რომელშიც სამედიცინო პერსონალი მოტივირებული იქნება და, ამავე დროს, მიეცემა შესაძლებლობა სრულად იტვირთოს პასუხისმგებლობა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.

სამართლებრივი რეგულაცია

უფლება ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებულია კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“. კერძოდ, მასში მითითებულია შემდეგი:  

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამოსამსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“ (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 5).

სახელმწიფოს როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაში ასახულია კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“. მასში მითითებულია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკონტროლებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს (კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 63).

სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხის ინსტრუმენტებია სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება (“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის მუხლები 16, 23-33, 53-63; კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“).

იმისათვის, რომ ექიმმა დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება პაციენტს, ის აუცილებლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს შესაბამის საექიმო სპეციალობაში. დამოუკიდებლად ექიმად მუშაობის უფლების მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ“ (თავი 2, მუხლები 7–17).

გარკვეული ტიპის სამედიცინო დაწესებულებები აუცილებლად საჭიროებენ შესაბამის ლიცენზიას. იმ საქმიანობების ნუსხა, რომლისთვისაც აუცილებელია ლიცენზია, განისაზღვრება კანონით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მე–6 მუხლის პუნქტები 42–84).

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის კიდევ ერთი იარაღია ე.წ. „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების)“ შემუშავება და დანერგვა (კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 16, პუნქტი ბ’).

კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომედაციებში დაწვრილებით არის მითითებული, თუ როგორ უნდა შეფასდეს ამა თუ იმ დაავადების მქონე პაციენტის მდგომარეობა, რა სადიაგნოზო და სამკურნალო ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს ექიმმა.

პაციენტებიათვის საინტერესო უნდა იყოს ზემოხსენებული გაიდლაინების გაცნობა, რაც მათ დაეხმარება გაერკვენ, როგორი შეიძლება იყოს მათი ჯანმრთელობის პრობლემის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ამასთან, პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა შემთხვევა განსხავებულია და ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ასახული კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციაში.

დღეს საქართველოში დამტკიცებულია 100–ზე მეტი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), რომელთა ნახვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის პაციენტებს, შეუძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე (იხ. თავი „საქართველოში არსებული შესაძლებლობები“).

სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ მოქალაქეს პრეტენზია ან საჩივარი შეუძლია წარუდგინოს სამედიცინო დაწესებულებას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. თუ პაციენტს მიადგა ზიანი და ის ან მისი ოჯახის წევრი კომპენსაციას ითხოვს, მან სასამართლოს უნდა მიმართოს (იხ. ქვეთავი „ჩივილისა და კომპენსაციის მიღების უფლება“). 

ეთიკური რეგულაცია

სამედიცინო მომსახურების ხარისხსს ეთიკის კოდექსის ეხმიანება ექიმის მიერ პროფესიული და ეთიკური სტანდარტებით ხელმძღვანელობისა და სამუშაო გარემოზე ზრუნვისა კუთხით:

  • „საექიმო საქმიანობის აღსრულებისას ექიმის გზამკვლევია მხოლოდ პროფესიული სტანდარტები და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ნორმები“ (თავი „ზოგადი დებულებები“, პუნქტი 2);
  • „ექიმი ცდილობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც აუცილებელია პაციენტისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად“ (თავი „ექიმი და პაციენტი“, პუნქტი 8).

საქმიანობის წესების მიხედვით, ექიმი ზრუნავს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე; ამასთან, ის უნდა ითვალისწინებდეს, რომ ხარისხზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთაგან ნაწილი უშუალოდ ექიმზეა დამოკიდებული, ხოლო ნაწილი გარმოზე. ამიტომ საქმიანობის წესებში მოცემულია რეკომენდაცია, რომელიც ექიმს ურჩევს, მონაწილეობა მიიღოს მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაში (საქმიანობის წესები: თავი 2.17 „სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება“).

ზემოხსენებულთან ერთად, საქმიანობის წესებში ასახული რეკომენდაციები ექიმის მიერ საკუთარ პროფესიულ კომპეტენციაზე ზრუნვის, სამედიცინო ჩანაწერების ადეკვატურად წარმოების, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე, აგრეთვე, ექიმის მოქმედების შესახებ საექიმო შეცდომის დაშვებისას (საქმიანობის წესები: თავი 2.17 „სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება“, თავი 2.18 „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება“, თავი 2.20 „ექიმის მოქმედება საექიმო შეცდომის დაშვებისას“, თავი 2.23 „საკუთარ პროფესიულ კომპეტენციაზე ზრუნვა, უწყვეტი პროფესიული განვითარება“).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia