bulდისკრიმინაციის დაუშვებლობა

განმარტება და მოკლე მიმოხილვა;

დისკრიმინაციისაგან დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ეს მოიცავს როგორც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს, ისე ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებას პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისადმი.

სამართლებრივი რეგულაცია

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“ (საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 14).

კონსტიტუციის ეს დებულება სათანადოდ არის ასახული კანონებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „პაციენტის უფლებების შესახებ“. კერძოდ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში (მუხლი 6) მითითებულია შემდეგი:

„6.1. არ დაიშვება პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაადვადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო.“

სამედიცინო დახმარების პროცესში დისკრიმინაციის გამორიცხვას ისახავს მიზნად მუხლი იმავე კანონიდან, რომლის მიხედვითაც ექიმი მოვალეა „პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რიგითობა განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით“ (მუხლი 40).

ამრიგად, როცა რესურსების უკმარისობის პირობებში ხდება პაციენტის შერჩევა სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად, შერჩევის საფუძველი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებები უნდა იყოს; უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ზეგავლენა ნებისმიერი პირისაგან; აგრეთვე დაუშვებელია ასეთ შემთხევებში სამედიცინო პერსონალის მიერ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობა (სიმპათია, ანგარება, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები და სხვა).

პაციენტის დისკრიმინაციას აგრეთვე კრძალავს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ (მუხლი 6); ამასთან, დისკრიმინაციასთან მიმართებაში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში მოცემულ ჩამონათვალს ემატება დისკრიმინაციის აკრძალვა გენეტიკური მემკვიდრეობის საფუძველზე.

ეთიკური რეგულაცია

დისკრიმინაციის გამორიცხვა გამომდინარეობს „სამართლიანობის“ ეთიკური პრინციპიდან.

ეთიკის კოდექსის და საქმიანობის წესების მიხედვით ექიმი თანაბრად, თანაბარი გულისყურით და მზრუნველობით უნდა ეპყრობოდეს ყველა პაციენტს (ეთიკის კოდექსი: თავი „ექიმი და პაციენტი“, პუნქტი 2; საქმიანობის წესები: თავი 2.1.1 „თანაბარი და სამართლიანი დამოკიდებულება“).

ამასთან, საქმიანობის წესები ექიმს ურჩევს გაითვალისწინოს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიც, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს პაციენტის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური თუ სოციალური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხა მახასიათებლებიდან  (თავი 2.1.1 „თანაბარი და სამართლიანი დამოკიდებულება“).

დიკრიმინაციის თავიდან აცილების პრობლემას ეხმიანება საქართველოში მოქმედი ექიმის ფიცის ტექსტიც, რომლის მიხედვითაც ექიმი პირობას დებს არ დაუშვას „პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აღმსარებლობის, რასის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური მდგომარეობის ზეგავლენა მისი პროფესიული მოვალეობის აღსრულებაზე“ (მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ჟენევის დეკლარაცია – ექიმის ფიცი).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia