bulინფორმაციის მიღების უფლება

განმარტება და მოკლე მიმოხილვა;

ინფორმაციის მიღების უფლებაში მოიაზრება ორი სახის ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე;

ბ)  ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ და მისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების თაობაზე.

სამართლებრივი რეგულაცია

ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს ვალდებულებაა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლში გაცხადებულია, შემდეგი:

„1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

2. სახელმწიფო ვალდებულია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.“

უშუალოდ პაციენტის ჯანმრთელობასთან და მისთვის გასაწევ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშრებული ინფორმაცია პაციენტს მიეწოდება სამედიცინო პერსონალის მიერ.

პაციენტს უფლება აქვს, იცოდეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობისა, და მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კერძოდ, პაციენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • რა სახის სადიაგნოზო თუ სამკურნალო მეთოდების იყენებს დაწესებულება, ანუ რა რესურსებს ფლობს;
  • რა ღირს სამედიცინო მომსახურების ფასი და როგორია გადახდის წესი;
  • რის უფლებები და მოვალეობები აქვს პაციენტს დაწესებულების შინაგანაწესის მიხედვით (შინაგანაწესი არ უნდა ზღუდავდეს პაციენტის კანონით განსაზღვრულ უფლებებს).
  • ვინ არის პაციენტის მკურნალი ექიმი, აქვს თუ არა მას საკმარისი გამოცდილება;
  • რა მიზნით იგეგმება ესა თუ ის სამედიცინო ჩარევა, რა არის მოსალოდნელი ეფექტი, რამდენად სარისკოა ჩარევა პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
  • არსებობს თუ არა მკურნალობის სხვა, ალტერნატიული მეთოდები და როგორია ამ მეთოდების მოსალოდენლი ეფექტი და რა რისკი ახლავს მას;
  • რა შედეგები იქნა მიღებული სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე;
  • როგორია დიაგნოზი და რას ნიშნავს ეს პაციენტისთვის (როგორია პროგნოზი).

ზემოაღნიშნული უფლებები გაცხადებულია კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 18.

ექიმები ხშირად იყენებენ მათთვის ჩვეულ, პაციენტისათვის კი გაუგებარ ტერმინებს. იმის აღსაქმელად, რაც ექიმისთვის ცალსახად ნათელია, პაციენტს დამატებითი განარტება და დრო ჭირდება.

ამიტომ კანონში ნათქვამია, რომ პაციენტისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა იყოს სრული, ობექტური, დროული და გასაგები. ამავე დროს ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის აღქმის უნარი და თავი აარიდოს სპეციალური ტერმინების გამოყენებას.

ამრიგად, პაციენტს ინფორმაცია ისე უნდა მიეწოდოს, რომ მან ნათლად აღიქვას ყველა ის დეტალი, რაც მის ჯანმრთელობასთან და სამედიცინო მომსახურებასთან არის დაკავშირებული (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლები 18 და 19).

საყურადღებოა ისიც, რომ პაციენტს აქვს სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის უფლებაც. კერძდ, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონში ნათქვამია, რომ პაციენტს ან მის ნათესავს (თუ პაციენტი ბავშვია, ან სხვა მიზეზის გამო ქმედუუნაროა, ან შესწევს გადაწყვეტილების მიღების უნარი) უფლება აქვს გაეცნოს ავადმყოფობის ისტორიას.

უფრო მეტიც, პაციენტს შეუძლია მოითხოვოს სამედიცინო ჩანაწერებში შესწორებების შეტანა, თუ ის ფიქრობს, რომ მანამდე დაფიქსირებული ინფორმაცია არასწორია. ამასთან, პაციენტს ისტორიის ნებისმიერი ნაწილის ასლის მოთხოვნის უფლება აქვს. ამისათვის მხოლოდ განცხადების დაწერა იქნება საჭირო (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 17).

შემთხვევები, როცა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება თავი შეიკავოს პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე

არის შემთხვევები, როცა ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს პაციენტში, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე. მეორე მხრივ,  ექიმის უპირველესი მოვალეობა სწორედ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. აღნიშნულიდან გამომდინარე ექიმი მძიმე არჩევანის წინაშე დგება. მან ორი გზიდან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოს:

  • გაუფრთხილდეს პაციენტის ჯანმრთელობას და დაუმალოს მას სიმართლე; ან
  • პატივი სცეს მის უფლებებს და სიმართლე უთხრას და ამით „საფრთხე“ შეუქმნას მის ჯანმრთელობას.

ზემოთ მოხსენიებული ძირითადად მძიმე დაავადებებს ეხება; მაგრამ მხოლოდ მძიმე დაავადების არსებობის ფაქტი არ უნდა გახდეს ინფორმაციის დამალვის საფუძველი.

შესაძლებელია ამ საკითხის „კიბოს“ მაგალითზე განხილვა. დღეს კიბო მომაკვდინებელი დაავადება აღარ არის. ადრეულ სტადიაზე მისი დიაგნოსტირება სრული გაჯანსაღების საშუალებას იძლევა.  ამ დროს პაციენტმა, თუ არ იცის რა დაავადება აქვს, შეიძლება თავი აარიდოს მკურნალობას, რომელიც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.

 გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პაციენტები ხშირად თვითონ მოითხოვენ სრულ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და შესწევთ უნარი რეალურად შეაფასონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ზოგჯერ მათ ეს ინფორმაცია მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი პირადი საქმეების მოსაგვარებლადაც ჭირდებათ (რაც შეიძლება ბიზნესთან ან, სულაც, ანდერძის გაფორმებასთან იყოს დაკავშირებული). ასეთ შემთხვევებში სიმართლის დამალვა დაუშვებელია.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, მაინც არის შემთხვევები, როცა მძიმე დაავადების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს პაციენტს. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ  ვენდობით, ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდი არ არის. ამასთან, რადგან არსებობს ზიანის მიყენების თუნდაც მცირე ალბათობა, ექიმს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუშვას გამონაკლისი და არ უთხრას სიმართლე პაციენტს. ცხადია, ეს გამონაკლისი წესად არ უნდა იქცეს.

ჩნდება კითხვა, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ, როცა ექიმი მძიმე დაავადების დიაგნოზს სვამს, იგი არ შეეცდება ყველა შემთხვევაში დაუმალოს პაციენტს ინფორმაცია და „დაზოგოს“ იგი. აქ გასათვალისწინებელია ჩვენში დამკვიდრებული ტრადიცია, როცა პაციენტის ოჯახის წევრები, თითქმის ყოველთვის, კეთილი განზრახვით დიაგნოზის „გაყალბებას“ სთხოვენ ექიმს. ამრიგად ჩვენში „გამონაკლისის“ წესად ქცევის დიდი რისკი არსებობს.

კანონი ზემოხსენებულ პრობლემას შემდეგი პრინციპების მიხედვით აწესრიგებს (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 18):

  • პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ;
  • ექიმს ეძლევა უფლება, გამონაკლის შემთხვევებში, არ მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია, თუ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ პაციენტს ზიანი მიადგება;
  • ექიმი ვალდებულია სთხოვოს სამედიცინო ეთიკის კომისიას ან მეორე ექიმის დასტური ინფორმაციის „დამალვის“ შესახებ გადაწყვეტილებაზე;
  • თუ პაციენტი დაჟინებით ითხოვს ინფორმაციას, ექიმი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.

ამრიგად, პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდებისას ძირითადი პრინციპია „სიმართლის თქმა“ და პაციენტისათვის სრული ინფორმაციის გაზიარება. ამასთან, გამონაკლისის სახით (თუ პაციენტი დაჟინებით არ ითხოვს ინფორმაციას), პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმს შეუძლია, შეეცადოს შეზღუდოს ინფორმაცია.

ეთიკური რეგულაცია

საქმიანობის წესები ურჩევს ექიმს გაარკვიოს პაციენტის სურვილი დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების შესახებ. თუ პაციენტს აქვს ასეთი სურვილი, მაშინ ექიმი გასაგები ენით აწვდის პაციენტს დაწვრილებით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობისა და მისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების ყველა ასპექტის შესახებ (საქმიანობის წესები, თავი 2.1.3 „ინფორმაციის მიწოდება“).

საქმიანობის წესებში გათვალისწინებულია პაციენტის ახლობლებისათვის ინფორმაციის მიწოდების პირობებიც (საქმიანობის წესები, თავი 2.1.3.2 „ინფორმაციის მიწოდება პაციენტის ახლობლისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის“).

საქმიანობის წესებში ასევე ურჩევს ექიმს გაითვალისწინოს პაციენტის მიერ სამედიცინო ჩანაწერებისა და მისი ასლის მოთხოვნა (თავი 2.1.3.2 „ინფორმაციის მიწოდება პაციენტის ახლობლისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის“).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia