bulინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა

განმარტება და მოკლე მიმოხილვა; 

ინფორმაციის მიღების უფლებასთან ერთად პაციენტს უნდა ჰქონდეს უფლება უარი თქვას მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ასეთი მოთხოვნის მოტივაცია.

ამასთან, ცხადია, ამ უფლებას აქვს გამონაკლისიც, როცა საქმე ეხება ზიანის რისკს, რომელიც იქმნება ინფორმაციის მიუწოდებლობით და რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს თვითონ პაციენტს ან სხვებს.

სამართლებრივი რეგულაცია

საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ გაცხადებულია პაციენტის უფლება, უარი თქვას ინფორმაციის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რა არის მიზეზი ასეთი მოთხოვნისა (მუხლი 20).

აღნიშნულ წესს აქვს გამონაკლისებიც. კერძოდ, თუ დაავადება სერიოზულია და ინფორმაცია ეხება მაღალ რისკთან ასოცირებულ სამედიცინო ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია პაციენტის თანხმობა,  პაციენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 20).

მეორე, მხრივ შეიძლება ინფორმაციის მიუწოდებლობამ საფრთხე შექუმნას სხვა ადამიანებს. მაგალითად, როცა პაციენტს დაუდგინდება საშიში გადამდები ინფექცია და ძალიან მაღალია რისკი სხვა ადამიანების დასნებოვნებისა. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს უნდა ეცნობოს ამის შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება (საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 20).

 

ეთიკური რეგულაცია

საქმიანობის წესები ითვალისწინებს პაციენტის მიერ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას და ურჩევს ექიმს ყოველთვის გაარკვიოს პაციენტის სურვილი აღნიშნულის შესახებ. ამასთან საქმიანობის წესებში ასახულია გარმოებებიც, როცა პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა კანონმდებლობის მიხედვით (თავი 2.1.3.2 „ინფორმაციის მიწოდება პაციენტის ახლობლისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის“).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia