bulკონფიდენციალობა

განმარტება და მოკლე მიმოხილვა;

სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა ერთ–ერთი ყველაზე ძველი, დამკვიდრებული და მყარი ეთიკური და სამართლებრივი იმპერატივია.

აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები მხოლოდ კანონმდებლობით შეიძლება იყოს განსაზღვრული.

სამართლებრივი რეგულაცია

“პაციენტის უფლებების შესახებ” კანონი ექიმს ავალებს საიდუმლოდ შეინახოს პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ეს პირობა ექიმმა პაციენტის გარდაცვალების შემდეგაც კი არ უნდა დაარღვიოს (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 27).

ამასთან, არსებობს გამონაკლისიც ამ წესიდან და ზემოთ მოხსენიებული კანონიც მიუთითებს გარკვეულ პირობებზე, რომელთა არსებობისას შესაძლებელია კონფიდენციალურობის დარღვევა (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 28, პუნქტი 1).

პირველ რიგში, კანონის თანახმად, პაციენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა ნებადართულია, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს ეცნობოს მესამე პირს ან პირებს მის შესახებ მოპოვებული ფაქტების თაობაზე.

იგივე კანონის მიხედვით ინფორმაციის გაცემა ექიმს შეუძლია მაშინაც, როცა ამ ინფორმაციის დამალვა სხვა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მაგალითად პაციენტს აქვს ისეთი ინფექციური დაავადება, რომელიც აუცილებლად გადაედება სხვებს, თუ ამ უკანასკნელებმა არ მიიღეს გარკვეული პრევენციული ზომები.

არის შემთხვევები, როცა ინფორმაციის გადაცემას ექიმს აგრეთვე კანონი ავალებს. მაგალითად, ექიმი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია პაციენტის შესახებ თუ ამას მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საყურადღებოა, რომ თუ ექიმი პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში თანამშრომლობს სხვა კოლეგებთან, მას თავისუფლად შეუძლია ესაუბროს მათ პაციენტის მდგომარეობის შესახებ (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 28, პუნქტი 2). ეს უკვე თვით პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარეობს: ექიმმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს ინფორმაციის გარკვეული ნაწილი სხვა კოლეგებს, რომლებიც ავადმყოფის მკურნალობაში მონაწილეობენ ან ექთნებს, რომლებმაც დანიშნულება უნდა შეასრულონ.

ხშირად სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ყოველი მნახველი სთხოვს ექიმს ან მოითხოვს მისგან დაწვრილებით ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ვის და რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. კერძოდ „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მიხედვით „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“

თუ პაციენტი გადაწყვეტს, რომ ინფორმაცია სხვასაც შეიძლება გაუზიარონ,  „მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში“ (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 21).

ამრიგად, პაციენტის თანხმობის გარეშე სამედიცინო პერსონალს არა აქვს უფლება ვინმეს გაუმჟღავნოს ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მოკლებულია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს, სამედიცინო მომსახურების გამწევს აქვს უფლება ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წამომადგენელს (იხ. ზემოთ).

 

ეთიკური რეგულაცია

პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვის მოთხოვნა ასახულია ექიმის ფიცშიც, რომლის მიხედვით ექიმი პირობას დებს, რომ დაიცავს მისთვის განდობილ საიდუმლოს, პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი (მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ჟენევის დეკლარაცია – ექიმის ფიცი).

საექიმო საიდუმლოს დაცვას მოითხოვს ეთიკის კოდექსიც; კერძოდ მასში ნათქვამია შემდეგი: „ექიმი საიდუმლოდ ინახავს პაციენტის ჯანმრთელობასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფაქტებს, პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი, თუ საიდუმლოს გამჟღავნებას მას კანონი არ ავალებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ექიმი აცნობებს პაციენტს (ან მის ჭირისუფალს) საიდუმლოს გამჟღავნების განზრახვის შესახებ (თავი „ექიმი და პაციენტი“, პუნქტი 4).

საქმიანობის წესები შეიცავს დაწვრილებით დებულებებს ექიმის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ. ეს დებულებები ძირითადად კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა მოცემულია პრაქტიკული რჩევებიც სხვადასხვა გარემოებების არსებობისას კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე (თავი 2.1.5 ინფორმაციის კონფიდენციალურობა).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia