bulპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: სამედიცინო მომსახურების გაწევისას სხვათა დასწრება

 

განმარტება და მოკლე მიმოხილვა;

პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კიდევ ერთ საკითხს მოიცავს; კერძოდ, სამედიცინო მომსახურების გაწევისას (პაციენტის გასინჯვისას, თუ მისთვის სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარებისას) სხვა პირების დასწრებას.

საერთოდ, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი ყველა ღონეს უნდა ხმარობდნენ, რომ მკურნალობის პროცესში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პაციენტის პირად ცხოვრებაში ჩარევა. გასასინჯი ოთახი თუ სტაციონარის პალატა შეძლებისდაგვარად გამოყოფილი და მოცილებული უნდა იყოს სხვათა „თვალს“, რათა დისკომფორტი პაციენტს მინიმუმამდე შეუმცირდეს.

სამართლებრივი რეგულაცია

რაც შეეხება, უშუალოდ სხვადასხვა პროფილაქტიკურ, სადიაგნოზო, სამკურნალო თუ სარეაბილიტაციო პროცედურებს, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ზემოთ მოხსენიებულ პროცედურებში მხოლოდ ის პერსონალი უნდა მონაწილეობდეს, რომლთა დასწრება სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 30).

თუ პაციენტი თანახმაა, ან მოითხოვს, რომ პროცედურას სხვა პირი (პირები) დაესწროს, ეს მოთხოვნა შეძლებისდაგვარად უნდა დაკმაყოფილდეს (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 30).

ეთიკური რეგულაცია

ეთიკური ხასიათის ტექსტებიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უშუალოდ ეხმიანება მხოლოდ საქმიანობის წესები (თავი 2.1.6 „პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა“).

აღნიშნულ თავში მითითებულია, რომ პაციენტისათვის მნიშვნელოვანია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას იყოს დაცულ გარემოში და ერთგვარად მორიდებული იყოს „უცხო თვალს“. ექიმს ეძლევა რჩევა, პატივი სცეს პაციენტის სურვილს და არ დაასწროს სამედიცინო პროცედურას სხვა პირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი თავად ითხოვს ახლობლის დასწრებას.

ამა თუ იმ პროცედურაზე სხვა პერსონალის, სტუდენტის თუ რეზიდენტის  დასწრებისთვის (თუ ისინი არ მოანწილეობენ სამედიცინო დახმარების პროცესში) პაციენტისაგან მიღებული უნდა იქნეს თანხმობა.

ამ უკანასკნელ პრობლემას ეხმიანება ეთიკის კოდექსიც, რომლის მიხედვით ექიმი იღებს პაციენტის თანხმობას სწავლების პროცესში მისი ჩართვის წინ (თავი „ექიმი – მასწავლებელი“, პუნქტი 2).

© 2013 “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება"- ყველა უფლება დაცულია
artmedia